„საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ“ არის მაღალი რანგის სამეცნიერო ღონისძიება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ უახლესი სამეცნიერო კვლევების განვითარებას და ინტერნაციონალიზაციას საქართველოში, აკადემიურ, საჯარო და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა მეცნიერებს შორის.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტების აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს, საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული ექსპერტებს, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, ახალგაზრდა მეცნიერებს და ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ ინტერსექტორული თანამშრომლობით დაინტერესებულ პროფესიონალებს.
პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ღონისძიების მასპინძელი, პროექტის წამყვანი და თანადამფინანსებელი ორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება 50 პერსონის მონაწილეობის ხარჯები, ასევე ფინანსდება რეგიონული უნივერსიტეტებიდან წარმოდგენილი შერჩეული ნაშრომებიდან, 10 მონაწილის მგზავრობის და დღიური ხარჯები (პრეზენტაციის დღეს).
თანამონაწილე ორგანიზაციების სახით ჩართულები არიან: ალკალას უნივერსიტეტის მეწარმეობის სკოლა (ესპანეთი) და დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტი (გერმანია);
პროექტის პარტნიორები არიან: სააგენტო "აწარმოე საქართველოში", მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA), გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი - Network Georgia, ფინანსური განათლების პორტალი - ფინედუ და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
შერჩეული მომხსენებლების სტატიები გამოქვეყნდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ონლაინ ჟურნალში „საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“, რომელიც არის ორმაგად ანონიმურად რეფერირებადი, ფინანსდება უნივერსიტეტის მიერ და ღია წვდომაშია. ჟურნალი არის Crossref-ის წევრი, სტატიებს ენიჭება DOI და ხილვადია google scholar-ში. კონფერენციისთვის გამოიცემა „სპეციალური გამოცემა“ რომელიც სრულად მიეძღვნება ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ განხორციელებულ კვლევებს. სტატიები წარმოდგენილი იქნება ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად.